
სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებს
სომხეთში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ალენმა ქალაქ ჰრაზდანში „ხელოვნური ინტელექტის ქარხნის“ გახსნა აშშ-სა და სომხეთს შორის მზარდი პარტნიორობის ხელშესახებ მაგალითად შეაფასა.
მისი განცხადებით, ეს პროექტი 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის იმპულსსა და იქ ხელმოწერილ სამ მნიშვნელოვან მემორანდუმს ეფუძნება, რომელთა შორისაცაა შეთანხმება ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მხრივ ინოვაციების წახალისების შესახებ.
სომხეთში აშშ-ის საელჩოს 10 აგვისტოს განცხადებით, 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია სომხეთში უახლეს ამერიკულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას შემოიტანს. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციონირებას მონაცემთა ცენტრების, ღრუბლოვანი (cloud) ტექნოლოგიებისა და AI-ის მიმართულებით.
ქალაქ ჰრაზდანში გახსნილი AI-ინფრასტრუქტურის ცენტრი, დამფუძნებლების შეფასებით, დსთ-ის რეგიონში ამ ტიპის ყველაზე დიდი ობიექტია. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, NVIDIA-ს ცნობით, აღნიშნული AI-ქარხანა კომპანია Firebird-მა NVIDIA-ს ტექნოლოგიებისა და Dell Technologies-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ააშენა.
Firebird-ის გეგმის მიხედვით, 2027 წლის ბოლომდე სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის სიმძლავრის 300 მეგავატამდე გაზრდა იგეგმება.
კომპანიის თანადამფუძნებლის, ალექსანდერ ესაიანის თქმით, Firebird-ის გლობალური მიზანია დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც სომხეთთან ერთად ფოკუსში ყაზახეთი და სხვა განვითარებადი ბაზრებიც შედის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge