
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები
კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროს რეგიონში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები და დაზიანდა შენობები. ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში და ვენესუელის რამდენიმე რეგიონშიც.
კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად, 96 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ჩოკოს პროვინციის გუბერნატორის, ნუბია კაროლინა კორდობა-კურის განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანდა პროვინციის დედაქალაქი კიბდო. მისივე თქმით, ქალაქში არიან დაშავებულები და დაზიანებულია შენობები.
„ჩვენ უკვე ვაფასებთ ზიანის და პირველ ოფიციალურ ანგარიშს მალე გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მეზობელი რისარალდას პროვინციის გუბერნატორის, ხუან დიეგო პატინიოს ინფორმაციით, სერიოზული დაზიანებებია პროვინციის დედაქალაქ პერეირაშიც. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე შენობის ფასადი ჩამოინგრა და არიან დაშავებულები.
კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვის ეროვნული სამსახური ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და შესაძლო ზარალს ამოწმებს.
ბოგოტის მერმა კარლოს გალანმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.
აშშ-ის ცუნამის გაფრთხილების სისტემის ინფორმაციით, მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ვენესუელის ტაჩირას შტატსა და ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბარკისიმეტოშიც.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge