
მოლდოვამ მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია „დრონის ინციდენტის“ გამო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია. 10 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 9 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან მდებარე შტეფან-ვოდის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. კიშინიოვმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.
ინციდენტის შედეგად დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ადგილობრივმა პოლიციამ კი ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინა. 9 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მოლდოვას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს დრონების მარშრუტად არ იყენებენ.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2026 წლის ივლისის ბოლომდე ქვეყნის ტერიტორიაზე სულ ნაპოვნია რაკეტებისა და დრონების (მათ შორის რუსული „გერბერებისა“ და ირანული „შაჰედების“) 28 ფრაგმენტი. ივლისის შუა რიცხვებში, მსგავსი შემთხვევის გამო, კიშინიოვმა რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვიც დაიბარა, თუმცა მოსკოვმა ბრალდებებს პროვოკაცია უწოდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge