
იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“. გამოძიების ინფორმაციით, ისინი შეკრებებზე გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge