
41 სახელმწიფო ბალისტიკური რაკეტების გამოცდისას 24-საათიან გაფრთხილებას მოითხოვს
მსოფლიო უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებზე მითითებით, გაეროს 41-მა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი მიმართვა გავრცელა. 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ, ევროპული ქვეყნები, უკრაინა, თურქეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და ფილიპინები მოითხოვენ, რომ ბალისტიკური და სარაკეტო სისტემების გამოცდისას ყველა ქვეყანამ მკაცრად დაიცვას წინასწარი შეტყობინების საერთაშორისო ნორმები.
დოკუმენტში ხაზგასმულია 2002 წლის ჰააგის კოდექსის მნიშვნელობა, რომელსაც 140-ზე მეტი ქვეყანა (მათ შორის რუსეთიც) უერთდება და რომელიც ვალდებულებას აკისრებს ხელმომწერებს, წინასწარ გააცნონ მსოფლიოს რაკეტების გაშვების გეგმები. ინიციატორთა თქმით, წყნარ ოკეანეში ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოცდა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. თუმცა განცხადებაში კონკრეტული დამრღვევი დასახელებული არ არის, ცნობილია, რომ ივლისში ჩინეთმა ატომური წყალქვეშა ნავიდან რაკეტა ისე გამოცადა, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა გააფრთხილა უშუალოდ გაშვების წინ. წინასწარი შეტყობინებების გარეშე წვრთნებს ხშირად ატარებს რუსეთიც.
ხელმომწერი ქვეყნები მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს — განსაკუთრებით კი ბირთვულ ქვეყნებს —, რომ ნებისმიერი ტიპის ბალისტიკური თუ კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდამდე სულ მცირე 24 საათით ადრე გაავრცელონ დეტალური ინფორმაცია. გაფრთხილებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რაკეტის კლასი, გაშვების ზუსტი დრო, ტრაექტორია და პოტენციური რაიონი, ხოლო საჰაერო და საზღვაო ნავიგაციისთვის სპეციალური უსაფრთხოების შეტყობინებები გაიგზავნოს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge