
ევროკავშირის ანგარიში, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად გაუარესდა
2025 წელი საქართველოსთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მძიმე გამოწვევად იქცა — ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის შესახებაც საუბარია ევროკავშირის 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში.
საქართველოში ადამიანის უფლებები მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. 2025 წელს ფართოდ იყო გავრცელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა. ამასთან, არცერთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას. თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის გამოტანის შემთხვევები სერიოზულ შეშფოთებას აჩენს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, ხოლო დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ დაფიქსირდა ფიზიკური თავდასხმის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ან სიკვდილის მუქარის ფაქტები.
ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის ცვლილებებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აქტმა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო პაკეტმა უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე.
პარალელურად, ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფისა და თვითნებური დაკავებების შესახებ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა, რადგან ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გაატარა რეპრესიული ზომები. ამან სერიოზულად დააზიანა დემოკრატიული პროცესები და ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და ხელისუფლების დანაწილების სისტემა.
სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენა როგორც რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობის გამო. შედეგად, საქართველომ დაიკავა 114-ე ადგილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 52-ე ადგილი WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსში, 56-ე ადგილი კორუფციის აღქმის ინდექსში და მიიღო 34/100 ქულა CIVICUS Monitor-ზე, რაც რეპრესირებულ სამოქალაქო სივრცეზე მიუთითებს.
შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა და გაეტარებინა რეფორმები კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად. 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს.
ამავე პერიოდში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის ნიშნულების დარღვევას, რის გამოც დაიწყო პროცედურა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზნით. ევროპული საბჭოს დასკვნით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო გამოიწვია წინასწარი გაწევრიანების პროცესის შეჩერება. 2025 წელს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი არ შემდგარა, შემცირდა კონტაქტების დონე, ხოლო ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ გამართულა.
დემოკრატიული უკუსვლის გამო, 2025 წელს გაგრძელდა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ განკუთვნილი ფინანსური დახმარების შეჩერება. ამის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის პირდაპირი მხარდაჭერისთვის NDICI-ის ფარგლებში გამოიყო 24 მილიონი ევრო, ხოლო „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ მეშვეობით 2025-2027 წლებისთვის — 10 მილიონი ევრო. მიმდინარე მხარდაჭერა ფოკუსირებული იყო მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვთა, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტი პირთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებაზე.
მრავალმხრივ კონტექსტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება შეფასდა როგორც არაადეკვატური, სადაც 45 საქმე მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ვერ გაითვალისწინა ორგანიზაციის წინა რეკომენდაციები და, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად რჩება, არ შეუერთდა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის მნიშვნელოვან ინიციატივას.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge