
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებასთან კავშირი არ აქვს და მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი.
კაკაბაძის თქმით, 16 აგვისტოს მის ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდა მომხმარებელი პროფილით „ნასვამი ჩოჩორი“, რომელმაც განაცხადა, რომ დადიანიძის საქმეში იყო ჩართული და დახმარება შესთავაზა. ადვოკატის განმარტებით, მან უთხრა აღნიშნულ პირს, რომ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მისთვის მიეწოდებინა. მოგვიანებით, ამავე ანგარიშიდან მიიღო ცნობა, თითქოს კახა გელაშვილის სახელით შექმნილი ყალბი გვერდიდან თავად გელაშვილი და ვლადიკავკაზში მყოფი პირი შედიოდნენ, ხოლო პოსტი „დედა ცოცხალი ვარ“ გელაშვილის მიერ იყო დადებული. აღნიშნული ინფორმაცია კაკაბაძის თანამშრომელმა დაუყოვნებლივ გადასცა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ აშშ-ში 10-საათიანი ფრენის გამო ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, ხოლოდ ჩაფრენის შემდეგ მესენჯერში დახვდა იმავე პროფილის შეტყობინება, სადაც პირი იუწყებოდა, რომ ოსურ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი „დადგა ჟამი“ მისი დაწერილი იყო. კაკაბაძის განცხადებით, მან საყვედურით უპასუხა აღნიშნულ პირს და მიუთითა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია.
ადვოკატი აცხადებს, რომ ინახავს ყველა მიმოწერისა და საპასუხო შეტყობინების ამსახველ ფოტოსურათს (სქრინს) და სამართალდამცავებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაადგინონ, თუ ვინ დგას პროფილი „ნასვამი ჩოჩორი“-ს უკან.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge