
უკრაინულმა დრონებმა პერმში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
21 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის ქალაქ პერმში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა განახორციელეს კომპანია „ლუკოილის“ მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა.
პერმის მხარის გუბერნატორმა, დმიტრი მახონინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად მუშაობდნენ. მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ შეტევის შედეგად დაზიანება მიადგა „ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს“, თუმცა კონკრეტული საწარმოს დასახელებისგან თავი შეიკავა.
ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ კადრებსა და გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, უკრაინულმა მონიტორინგის არხებმა (Exilenova+ და Supernova+) გავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმის მთავარი სამიზნე სწორედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, სადაც აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია დაამოწმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ. თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეომასალის გეოლოკაციური ანალიზით დადგინდა, რომ სქელი კვამლი სწორედ საწარმო „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ტერიტორიიდან ამოდის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სიღრმეში მდებარე სტრატეგიულ და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს ინტენსიურად ახორციელებენ. პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე 2026 წლის გაზაფხულიდან რამდენჯერმე გახდა, მათ შორის ბოლო მსხვილი შეტევა 30 აპრილს დაფიქსირდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge