
აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ქვეყანაში შესვლის მსურველთა მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების ნაწილია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა. უწყების ცნობით, საკონსულოებში ვიზის ინტერვიუების ნაწილი გადაიდო, რათა თანამშრომლებს „სიღრმისეული ტრენინგის“ გავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
უკვე დაგეგმილი ინტერვიუების მქონე აპლიკანტებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ მათი შეხვედრები გაუქმდა. მათ ახალი თარიღისა და დროის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახალი პროცედურების მიზანია, ვიზის თითოეული განმცხადებლის მდგომარეობა სრულყოფილად და თანმიმდევრულად შეფასდეს, მათ შორის იმის დასადგენად, ხომ არ გახდება ის მომავალში აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული.
The Guardian-ის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის ფართო გამკაცრების ნაწილია, რომელიც როგორც კანონიერ, ისე არალეგალურ იმიგრაციას ეხება.
ამასთან, ადმინისტრაციამ მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ შესაძლოა ვიზები ჩამოართვას თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ში თავდაპირველად ტურისტული ან ბიზნესვიზებით შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზომამ შესაძლოა 200 000-მდე ადამიანი დააზარალოს.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვიზის მსურველებისთვის ასევე დაწესდა სოციალური ქსელების ისტორიის შემოწმება და გაიზარდა განაცხადების დამუშავების ხარჯები.
საიმიგრაციო უფლებადამცველები და იურისტები აცხადებენ, რომ ვიზების შეჩერება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შექმნის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც განაცხადის პროცესი კანონიერად გაიარეს. მათი თქმით, ბევრმა განმცხადებელმა უკვე დახარჯა ათასობით დოლარი და დაგეგმილ ინტერვიუებზე დასასწრებად საკუთარი ცხოვრება შეცვალა, თუმცა შეხვედრები ბოლო წუთს გაუუქმდათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება გაუქმებული ინტერვიუები.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge