
ზელენსკის თქმით რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლურ დახმარებაზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის შემდეგ ვრცელი მიმართვა გავრცელა. მისი განცხადებით, მტერმა დიდი რაოდენობით ფრთოსანი დრონები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქის, ხოლო ათეულობით მოქალაქე დაშავდა.
„ბევრ ქალაქსა და თემში რუსული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია ღამიდან მოყოლებული გრძელდება: მხოლოდ კიევსა და ოლქში 350-მდე მაშველია ჩართული. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოდესასა და რეგიონზე გრძელდებოდა დარტყმები მართვადი საავიაციო ბომბებითა და დრონებით. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დემონსტრაციულად დაზიანდა რუმინეთთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი და საექსპორტო ინფრასტრუქტურა,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი იერიშებს მაქსიმალური ნგრევისთვის გეგმავს და პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა: „რუსეთი თავის დარტყმებს ყოველთვის ისე თვლის, რომ მაქსიმალურად გაანადგუროს ადამიანთა სიცოცხლე — და ეს მას მხოლოდ მაშინ გამოსდის, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები არასაკმარისია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება უკრაინას ანტიბალისტიკური რაკეტების მიღებაში PURL-ის ჩარჩოებსა თუ ორმხრივ მოწოდებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიწოდებები შემოდგომაზე გაიზარდოს. რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული თითოეულ ახალ დახმარების პაკეტზე“.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge