
საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლო სისტემას მოუწოდებს, არ დაუშვან რუსეთის მოქალაქის, დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში გაძევება და მისცენ მას შესაძლებლობა, უსაფრთხოდ გაემგზავროს მესამე ქვეყანაში.
საიას განცხადებით, კულანინი მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართაც რუსეთში არსებობს პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის მკაფიო საფრთხე. კულანინი საჯაროდ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის.
დენის კულანინი საქართველოში 2025 წლის მარტში პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი იგი საპროტესტო აქციების კონტექსტში მსჯავრდებულ იმ პირებს შორის მოხვდა, რომელთა მიმართაც შეწყალება განხორციელდა. თუმცა, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო გაძევების პროცედურის უზრუნველსაყოფად, რის ფორმალურ საბაბადაც საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევა დასახელდა.
უფლებადამცველები მიუთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე, რომელთა თანახმად, პირის გაძევება დაუშვებელია იმ ქვეყანაში, სადაც მას პოლიტიკური აქტივიზმის გამო არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge