
ბერლინსა და მეკლენბურგში „მემარცხენეებმა“ და AfD-მ ხმების უმრავლესობა მოაგროვეს
გერმანიის ორ ფედერალურ მხარეში — მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში — მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნები გაიმართა. აღნიშნული კენჭისყრა სამხარეო საკანონმდებლო ორგანოების (ლანდტაგისა და დეპუტატთა პალატის) არჩევნებს წარმოადგენს, სადაც მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ პარლამენტს, რის შედეგადაც კომპლექტდება მხარის მთავრობა, ირჩევა პრემიერ-მინისტრი (ან ბერლინის შემთხვევაში — მერი) და განისაზღვრება რეგიონის შიდა პოლიტიკური კურსი.
არჩევნები გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და მისი მმართველი პარტიისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების დაახლოებით 38% მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, რასაც პარტიის თანათავმჯდომარემ, ტინო ხრუპალამ „სენსაცია“ უწოდა. მეორე ადგილზე, 35%-ით, მხარის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მანუელა შვეზიგის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) გავიდა. მიუხედავად AfD-ს გამარჯვებისა, შვეზიგი, სავარაუდოდ, შეძლებს მემარცხენე ძალებთან კოალიციური მთავრობის ფორმირებას, რადგან წინასწარ აქტიურად იყენებდა სტრატეგიას „ქალი ცისფრების წინააღმდეგ“ (AfD-ს ფერის მიხედვით).
კანცლერ ფრიდრიხ მერცის მმართველმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ამ რეგიონში ისტორიულად ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — მან მხოლოდ 4,9% მიიღო და საპარლამენტო ბარიერს მიღმა დარჩა.
მძიმე შედეგები დაფიქსირდა ბერლინშიც, სადაც დედაქალაქის რეგიონულ არჩევნებში პირველი ადგილი „მემარცხენეებმა“ (Die Linke) დაიკავეს ხმების 25,5%-ით, ხოლო მერცის პარტიამ (CDU) მეორე ადგილზე გადაინაცვლა 19%-იანი მაჩვენებლით. მემარცხენე ძალები ახლა ბერლინის მერის პოსტის დაკავებას ცენტრ-მემარცხენე პარტიებთან კოალიციაში გეგმავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მერცმა არჩევნების შედეგებს „კატასტროფა“ უწოდა და მისმა პარტიამ ზედიზედ მეორე ისტორიული მარცხი განიცადა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კანცლერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ის გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად დაგეგმილი რეფორმების გატარებას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ხარჯების შემცირებასა და საპენსიო ასაკის ზრდაზე მიმართულმა რეფორმებმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge