
სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან თანხა გაიტაცეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
თბილისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
"დადგენილია, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 19-178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge