
საგამოძიებო: გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს, სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით". - წერს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge