
ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდნენ.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge