
41 ნაბიჯი რუსეთისკენ: „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
სანამ ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI Georgia) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც შეჯამებულია საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში გადადგმული 41 ნაბიჯი, რომელმაც ქვეყანა ევროპას დააშორა და რუსეთთან დააახლოვა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე, ქვეყანაში პროცესები ანტიდემოკრატიული სცენარით განვითარდა:
არჩევნები და ინსტიტუტები: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო შეფასებებით ჩატარდა უთანასწორო გარემოში, ხოლო ახლადშეიქნილმა პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება კანონდარღვევით ცნო.
უფლებების შეზღუდვა და რეპრესიები: საპროტესტო აქციების დარბევისას დაფიქსირდა არაპროპორციული ძალისა და ქიმიური საშუალებების გამოყენება, ფიზიკურად გაუსწორდნენ 300-მდე დემონსტრანტს. ქვეყანაში გაჩნდნენ სინდისის პატიმრები, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებული ან დევნილია.
მედია და სამოქალაქო სექტორი: გაყინულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები, ჟურნალისტებზე თავდასხმის 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ 11 პოზიციით უკან დაიხია (114-ე ადგილი).
საკანონმდებლო ცვლილებები: ამოქმედდა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა გრანტების მიღებასა და შეკრება-მანიფესტაციებზე (შემოღებულია პატიმრობა პირბადის ტარების ან ქუჩის გადაკეტვისთვის).
ინსტიტუტების გაუქმება: გაუქმდა ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
საგარეო ვექტორის ცვლილება: აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის პარალელურად, გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული დამოკიდებულება რუსეთზე (სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 66%-ით, ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის), ხოლო პორტებში შედის სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებული ტვირთები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქართული საზოგადოება არ წყვეტს ბრძოლას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციით გარანტირებულ ევროპულ განვითარების გზას.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge