
ბონდო გასვიანი „მედიააკადემიის“ დირექტორი გახდა — გიორგი ფუტკარაძე პოზიციიდან გაათავისუფლეს
კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ „მედიააკადემიაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე, რომელიც „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ამ პოზიციიდან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან გაათავისუფლეს — თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, გოგა გულორდავას გადაწყვეტილებით, ფუტკარაძის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ბონდო გასვიანი დაინიშნა, რომელიც 2025 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა.
„მედიაჩეკერის“ კითხვებზე კომისიიდან ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა. მათივე ცნობით, გიორგი ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ შემადგენლობაში არსებული „მედიასკოლის“ ხელმძღვანელის პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას შესაბამისი ჯგუფის უფროსი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფუტკარაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თავდაპირველად 1 თვით დაინიშნეს, რის შემდეგაც ვადა ჯერ 31 აგვისტომდე, ბოლოს კი 2026 წლის ბოლომდე გაუგრძელეს. მანამდე, 2021 წლის სექტემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე, აკადემიას შორენა შავერდაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც გოგა გულორდავამ ComCom-ის თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე გაათავისუფლა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge