
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
ის აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებებს - "თითქოს თანამდებობრივი მდგომარეობა გამოიყენა პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად".
"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი. პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას", - წერს ის.
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინორმაციით, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.
ყეინიშვილი 2012-2016 წლებში "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge