
რუბიო: განიხილება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უზბეკეთში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ განიხილება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის გამართვის საკითხი.
"შეხვედრის გამართვაზე საუბარი იყო. არ ვიცი, საბოლოოდ შეთანხმებულია თუ არა ეს საკითხი, თუმცა პრეზიდენტს [ტრამპს] თავისი პოზიცია მკაფიოდ აქვს გამოხატული. მას სურს, რომ უკრაინასა და რუსეთში ომი დასრულდეს", - განუცხადა რუბიომ Reuters.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვედრის გამართვა მომავალ თვეში შესთავაზა, რათა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილონ. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპს შეხვედრაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
რუბიოს თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ამ ომს "არაფერი კარგი არ მოაქვს".
"ჩვენ ვხედავთ, რომ მას ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს, მათ შორის ესკალაციისა და კონფლიქტის სხვა ქვეყანაში გავრცელების სრულიად რეალური რისკი. ეს შეიძლება მოხდეს წარუმატებელი დივერსიული თავდასხმის ან ისეთი დრონების გამო, რომლებიც ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შემდეგ კურსს კარგავენ და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხვდებიან", - თქვა რუბიომ.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული დიზელის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციების მოხსნას დათანხმდა, რადგან არ სურდა, პუტინთან ურთიერთობა გაეფუჭებინა და ამით სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელი შეეშალა.
ტრამპმა ასევე რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო. ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.
ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გაგრძელება სურს.
უკრაინის პრეზიდენტმა კი აშშ დაადანაშაულა იმაში, რომ ვაშინგტონი კიევზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინა რუსეთს დანებდეს.
ზელენსკის თქმით, კიევი ნებისმიეერი მოლაპარაკებისთვის მზადაა რაც მშვიდობისკენ იქნება მიმართული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთიც დათანხმდება შეთანხმებისთვის საჭირო პირობებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge