
კობახიძე: ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოს მაგივრად, ურჩევნიათ ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს
"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც მათ შორის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის საკითხი განიხილებოდა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხალხის ნაცვლად უცხოელ დიპლომატებს ესაუბრებიან.
კობახიძის მტკიცებით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიები წლების მანძილზე არაფერს აკეთებდნენ.
"ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ხალხის ნაცვლად ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს, არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ. ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად, ურჩევნიათ ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბუნებრივია, ბევრ რამეზე მეტყველებს. მათ შორის, იმაზეც მეტყველებს, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ.
მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. 2012 წლამდე, იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და ასევე, 2012 წლიდან მოყოლებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016-ში, 2020-ში და 2024-ში. საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე. არალეგიტიმურად გამოაცხადეს ჯერ მარგველაშვილი, შემდეგ ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს, პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო. შემდეგ უწევდათ "არალეგიტიმურ" პარლამენტში შესვლა, "არალეგიტიმური" პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის თვითმიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს, აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად, არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს", - თქვა კობახიძემ.
ოცნების პრემიერი ასევე გამოეხმაურა პარტიების აკრძალვის თემაზე ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკას. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა.
"ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, რომ განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს არის თავისთავად შემაშფოთებელი. ეს ყველაფერი პირდაპირ უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა", - აღნიშნა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელოს", "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ის საფრთხეები, რაც ქვეყანას და დემოკრატიას ემუქრება.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი და პარტიების აკრძალვის საკითხი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge