
პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, ბარსელონადან ვარშავის მოდლინის აეროპორტისკენ მიმავალ თვითმფრინავში, არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა სამი თვით შეუფარდა.
შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ფრენის დროს მამაკაცი მის გვერდით მჯდომ 16 წლის გოგოს შეეხო. არასრულწლოვანმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ თვითმფრინავის ეკიპაჟს შეატყობინა.
პოლონური მედიის ცნობით, დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ფხიზელი იყო. მას ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვნისთვის მოტყუებით, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებითა და მისი თანხმობის გარეშე სექსუალური ხასიათის სხვა ქმედების იძულების საქმეზე. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge