
75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მზისა გაბეშია გარდაიცვალა. ის მარტვილში თვეების განმავლობაში აწყობდა ერთკაციან პროტესტს და ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებდა.
მზისა გაბეშია თბილისის პროევროპული აქციების მხარდასაჭერად 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მშობლიურ ქალაქში, მერიასა და საკრებულოს შორის ბანერებით იდგა. როგორც მისმა შვილმა, ბექა თოდუამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ის ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება იბრძოდა და ბოლოს ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას მოსწრებოდა.
თავად მზისა გაბეშია თავის მოტივაციაზე 2025 წელს საუბრობდა:
„სამართალი თუ აღდგა, მერე ყველაფერს ეშველება. სამართალია მთავარი... დიდი თოვლი რომ იყო მაშინაც ვიდექი, წვიმაშიც. ძალიან თქეში წვიმა რომ იყო, მხოლოდ მაშინ ვერ დავდექი... ევროპამ რა დაგვიშავა? ევროკავშირი ეხმარება ჩვენს ქვეყანას და რუსეთი დაგვეხმარა რამეში თუ პირიქით ტერიტორიები წაგვართვა?“
ის 10 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ქუთაისის საავადმყოფო „ბომონდში“ გარდაიცვალა. მარტში ჩატარებულმა ოპერაციამ შედეგი ვეღარ გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პროევროპული აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნიდა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით არაერთი მოქალაქის პროტესტი მოჰყვა, რომელთა შორისაც მზისა გაბეშია თავისი ურყევი პოზიციითა და მარტვილში გამართული ერთკაციანი აქციებით განსაკუთრებული სიმბოლო გახდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge