
მასშტაბური დრონებით შეტევა რუსეთზე – დაზიანებულია ნავთობობიექტები, არიან დაშავებულები
16 ნოემბრის ღამეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრები ნავთობობიექტების ტერიტორიაზე და დაშავდნენ მოქალაქეები.
ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი როსტოვის ოლქის ქალაქი აზოვი გახდა, სადაც შეტევის შემდეგ ნავთობის ბაზების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ცნობით, აზოვში ნავთობის ბაზა იწვის. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე გავრცელდა ცნობები გაზის გამანაწილებელ სადგურზე ხანძრის შესახებ.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ცეცხლი ჩანს იმ რაიონში, სადაც ნავთობის ორი ბაზა — „ფლეშ ენერჯი“ და „იუგ იმპექსი“ მდებარეობს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დაადასტურა, რომ აზოვში თავდასხმის შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა, ხოლო ხანძრები ოთხ სამრეწველო ობიექტზე გაჩნდა. მისივე ინფორმაციით, მილეროვოს რაიონის სოფელ როგალიკში დაზიანდა სამი კერძო სახლი და გაზსადენი.
დრონებით შეტევის შედეგად ზიანი მიადგა კრასნოდარის მხარესაც. განსაკუთრებით საყურადღებოა დაბა ილსკიში გაჩენილი ხანძარი, რომელიც ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
ილსკიში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმების სამიზნე ადრეც არაერთხელ გამხდარა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, სევერსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კერძო სახლის ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი.
ამასთან, სევერსკის რაიონის ხელმძღვანელმა ალექსეი ჩევერევმა განაცხადა, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა ექვსს შეადგენს, მათ შორის ერთი ბავშვია.
შეტევის გამო საჰაერო განგაშის რეჟიმი მოქმედებდა კრასნოდარში, სოჭში, ანაპასა და არმავირში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge