
POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
საქართველოს პროკურატურის ცნობით, 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტება სცადა, თუმცა ღარიბაშვილმა ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, 11 ნოემბერს პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღო წერილი, რომელიც ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევას შეეხებოდა. წერილს თან ერთვოდა ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის 2 ნოემბრის კომენტარი და თავად ღარიბაშვილის 9 ნოემბრის განცხადება.
პროკურატურის განმარტებით, განცხადებებში მოყვანილი გარემოებები ზოგადი იყო და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, რის გამოც გამოძიების დაწყებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
"საქართველოს პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.
აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის - იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.
ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - წერია განცხადებაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge