
ცვლილებისთვის: ვმუშაობთ სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმებაზე
"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მსჯელობენ და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ერთ-ერთ ბრალდებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საქმიანობას უყენებენ, "კოალიცია ცვლილებისთვის" აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.
კოალიციის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს.
"გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: "სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ.
21 ივლისს კოალიციამ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო 14 სექტემბერს კოალიციას ევროკომისიის ოფიციალური კორესპონდენციით ეცნობა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სირიის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში შეიტანდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს. აღნიშნული თემა ჩვენი საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.
მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი", - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის და აღნიშნავს, რომ გააგრძელებნ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge