
უკრაინული საშუალო და შორი მოქმედების დრონები დიდ ბრიტანეთში დამზადდება
უკრაინული საშუალო და შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დიდ ბრიტანეთში დაიწყება. ამის შესახებ შეთანხმებას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა მოაწერეს ხელი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივი საწარმოები იმ დრონებს გამოუშვებენ, რომლებმაც ბრძოლის ველზე ეფექტიანობა უკვე დაადასტურეს. წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებს მოხმარდება.
“ვიწყებთ პროექტებს, რომლებიც ორივე ქვეყნის შესაძლებლობებს აძლიერებს და ჩვენი თავდაცვის მრეწველობის განვითარებას აჩქარებს. უკრაინას აქვს ეფექტიანი თავდაცვითი გადაწყვეტილებები და მტერთან ბრძოლის ფასდაუდებელი გამოცდილება. ჩვენ მათ დიდი ბრიტანეთის საწარმოო შესაძლებლობებს ვუთავსებთ, რათა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გამოცდილი საშუალებების წარმოება უფრო სწრაფად გავზარდოთ“, – განაცხადა ევგენი ხმარამ.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს. მათ შორის განიხილეს არსებული მარაგებიდან მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების “ელ-ემ-ემ“-ის მიწოდების დაჩქარება, უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერება და უკრაინული წარმოების რაკეტების მოდერნიზება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას საკუთარი მარაგებიდან “ელ-ემ-ემ“-ის რაკეტები ოპერატიულად გადასცა, სანაცვლოდ კი მომავალში მიწოდების ვალდებულება მიიღო. ეს რაკეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge