თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
