გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ეს პროტესტი გაფართოვდეს და ჩამოვიცილოთ ეს რეჟიმი
ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ეს პროტესტი გაფართოვდეს და ჩამოვიცილოთ ეს რეჟიმი. მაშინ მიეცემა თავისუფალ არჩევნებს აზრი. ამისთვის ვართ აქ ჩვენ და ამისთვის არის ეს მშვიდობიანი პროტესტი დღეს, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანი 2012 წლიდან ცხადი იყო, თუმცა ეს 2024 წლის 28 ნოემბერს საჯაროდ გამოცხადდა.
"როცა მანდატი მოიპოვა ივანიშვილმა, მას შემდეგ დაიწყო ის საქმიანობა, რაზეც ორი წლის წინ ღიად განაცხადა. მან ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, დაიწყო საზოგადოების დემორალიზების კამპანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვაგუოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დათმობას, რომ თითქოს ეგ არის ერთადერთი გზა გადარჩენის, რომ ვასალები უნდა ვიყოთ რუსეთის, რეალურად კი, ეგ არის გზა მშვიდობისა და თავისუფლების დათმობის, სისხლის ღვრის, მსხვერპლისა და ჯოჯოხეთის, ეს ჩვენ ვიცით ჩვენივე ისტორიიდან.
როცა ორი წლის წინ ასე უტიფრად განაცხადა ეს ყველაფერი ივანიშვილის პოლიტიკურმა არარაობა კობახიძემ, ყველამ კარგად გაიგო, რომ საუბარი არ იყო მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ ამ რუსულ საბჭოთა კავშირში ჩარჩენაზე. ამას არ ეგუება ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ყველაზე აქტიური ნაწილი პროტესტს გამოხატავდა მთელი ორი წელი, მიუხედავად ყველაფრისა, და ეს პროტესტი გრძელდება. ის, რომ ამდენი ხალხი არის გარეთ, ეს არის ძალიან მყარი გზავნილი იმისა, რომ ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ იმ ხარისხს, რაც მოახერხა ქართველმა ხალხმა 30 წელზე მეტი წლის წინ, როცა არჩევნებით დამარცხდა რეპრესია. აქაც ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ეს პროტესტი გაფართოვდეს და ჩამოვიცილოთ ეს რეჟიმი. მაშინ მიეცემა თავისუფალ არჩევნებს აზრი. ამისთვის ვართ აქ ჩვენ და ამისთვის არის ეს მშვიდობიანი პროტესტი დღეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
