ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე
ახლა არის გაღვიძების დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, ახლა აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა არის მოქმედების დრო. ჩვენ, ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, დროა, საქართველომ ევროკავშირის კარი შეაღოს.
"რეპრესია, ტერორი ყოველდღიურად იქცა, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები - ციხეში. სტუდენტები, ახალგაზრდები, ექიმები, მსოფლიო საოპერო ბანი, პრეზიდენტი - ყველანი ციხეში არიან და ამ დროს, ქვეყანა თავზე გვექცევა. ბიძინა ივანიშვილის პირობებში იზრდება ფასები, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, თუ გაიცინებ - მოგკლავენ, თუ გაიხუმრებ - გცემენ. ყოველდღიურ მთავარ პრობლემად იქცა ნარკოდანაშაული, ნარკობარიგების ქვეყნად იქცა საქართველო, თაღლითური „ქოლცენტრები“ გუგუნებს, მთელმა მსოფლიომ კარი დაგვიხურა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცა. ახლა არის გაღვიძების დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, ახლა აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა არის მოქმედების დრო. ჩვენ, ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის ქრისტიანული ევროპა, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არასდროს ყოფილა აზია, არ ყოფილა არაბული ქალაქები, არ ყოფილა ჩინეთი. ჩვენი არჩევანი, ბუმბერაზი ქართველების არჩევანი, ყოველთვის იყო ქრისტიანული ევროპა, ჩვენი ეკლესია. ჩვენი წინაპრები ამ გზაზე იდგნენ და ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ. დღეს, ყველანი ავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით 19:00 საათზე, მეორე ლოკაცია არის თსუ, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თბილისში, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები რამდენიმე ადგილას შეიკრიბებიან და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.
