მელანია ტრამპის ჩართულობით, კიდევ ცხრა უკრაინელი ბავშვი ოჯახებში დაბრუნდა
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობით, უკრაინაში ომის შედეგად ოჯახებთან დაშორებული კიდევ ცხრა ბავშვი ოჯახებს დაუბრუნდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
თეთრი სახლის განცხადებით, ეს ოჯახების გაერთიანების ჰუმანიტარული ძალისხმევის მეშვიდე ეტაპია. ამ დროისთვის მელანია ტრამპის ჩართულობით, ოჯახებს ჯამში 43 ბავშვი დაუბრუნდა.
„ცხრა ბავშვის ოჯახებთან გაერთიანება რუსეთისა და უკრაინის ლიდერების სრული თანამშრომლობით განხორციელდა. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელო ჩემი ჰუმანიტარული საქმიანობა და ხელი შევუწყო ოჯახების გაერთიანებას“, - ნათქვამია მელანია ტრამპის განცხადებაში.
რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ ცხრა ბავშვი რუსეთიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინასა და გერმანიაში მცხოვრებ ნათესავებთან მიემგზავრება.
მისი თქმით, ბავშვები მანამდე რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ნათესავების ან სხვადასხვა დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ბავშვის დაბრუნების პროცესში ვატიკანიც მონაწილეობდა.
Reuters-ის ცნობით, განცხადებას უკრაინის ხელისუფლება ამ დროისთვის არ გამოხმაურებია.
