პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას - ლევან მაჭავარიანი
საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„თვლაშიც ავირიე, მერამდენე რეზოლუცია მიიღეს. ისეთ დონეზე არიან დასულები და ისეთ სიყალბეს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს სინამდვილეა. თვითონ ანადგურებენ რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან დაზიანებული აქვთ ჩვენი მოქალაქეების თვალში. პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია, როდესაც თვეებით ადრე იმუქრებოდა და ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, როდესაც მისმა თანამებრძოლმა, ასევე ორგანიზატორმა ზოდელავამ პირდაპირ აღიარა თავისი ბრალი. მან თქვა, რომ ეს იყო დანაშაული, როდესაც ნახევარზე მეტმა, ვინც დაკავებული არიან ამ საქმეზე, ითანამშრომლეს, მოინანიეს, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან. ამ ყველაფრის ფონზე ისევ პაატა ბურჭულაძეს წერენ პოლიტიკურ დევნილად, მიხეილ სააკაშვილს წერენ პოლიტიკურ პატიმრად, თავი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც რუკაზე არ იციან, სად მდებარეობს ირანი, გვიწერს ასეთ აბსურდებს. პულსზე ხელი არ უდევთ და ბოლომდე ანადგურებენ თავიანთ რეპუტაციას. საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
