„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
ფრანგი ძიუდოისტი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.
ოთხშაბათს, საფრანგეთის მერების სალონის ფარგლებში გამოსვლისას, სპორტსმენმა, რომელიც ელისეის სასახლის მიმართ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს აღარ მალავს, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა გადმოიწიოს.
„ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ადრე უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა რინერმა.
კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი ეს პოზიცია, ძიუდოისტმა მოსკოვთან არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა და ხელისუფლება უკრაინაში ჯარების ფარულად გაგზავნაში დაადანაშაულა.
„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება. უკრაინაში ჯარებს ისე ვაგზავნით, რომ საქმის კურსშიც არ ვართ. ეს ცუდად მენიშნება. არ მესმის, რატომ ვგზავნით ჯარებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“, - განაცხადა რინერმა.
სპორტსმენმა ასევე დასძინა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებას შეეცდება.
„ხვალ რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი გავხდე, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც აერთიანებს, იღიმის და ხელს ართმევს, რათა ამ ომს ბოლო მოეღოს“, - დასძინა მან.
