Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას
საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, საფრთხე ემუქრება 500 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დამატებულ ღირებულებას, რაც ამ კომპანიების მიერ რეგიონის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს ასახავს.
კვლევის თანახმად, 2025 წელს შესწავლილი ევროპული ინდუსტრიული ფირმების დაახლოებით 45% ფინანსური სტრესის ან კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც 2023 წელს (39%) და 2024 წელს (42%) დაფიქსირებულ მაჩვენებლებს აღემატება.
2026 წლის წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ვარდნის ტემპი კიდევ უფრო ჩქარდება და პრობლემების წინაშე მდგარი საწარმოების წილი უკვე 50%-ს აღწევს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინდუსტრიული კომპანიები ევროპის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. მათზე მოდის რეგიონის დამატებული ღირებულების დაახლოებით 36%, სამუშაო ადგილების 29% და კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯების 45%-ზე მეტი.
მიუხედავად მძიმე სურათისა, McKinsey-ში მიიჩნევენ, რომ კომპანიების წინაშე არსებული პრობლემები „სტრუქტურულად მოგვარებადია“.
კომპანიის „ინდუსტრიული ფინანსური სიჯანსაღის ინდექსი“ ევროპის თითქმის 1 200 საჯარო და კერძო მწარმოებელს აერთიანებს, რომელთაგან თითოეულის წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აღემატება.
კვლევა ეფუძნება ფინანსური მონაცემების პროვაიდერ S&P Capital IQ-ს 2025 წლის სრულ მონაცემებს და ხუთ ძირითად გამაფრთხილებელ ნიშანს აანალიზებს, მათ შორის მოგების მკვეთრ ვარდნასა და შემოსავლებთან მიმართებით მაღალ სავალო ტვირთს.
კომპანიის ანალიტიკოსები მდგომარეობის გაუარესებას ევროპაში ენერგორესურსებისა და სამუშაო ძალის მაღალ ხარჯებს, ასევე ჩინელი კონკურენტების მხრიდან მზარდ ზეწოლას უკავშირებენ.
