მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად, - განაცხადა გადაცემაში “დღის თემა” ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ორი ქვეყნის ურთიერთობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
„იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც დღეს ჩვენ გვიწევს არსებობა, ჩვენი ურთიერთობები, დინამიკა, პოტენციალი, შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს რეგულარული აზრთა გაცვლა, რეგულარული მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსით საკმაოდ მსუყეა და მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც. წელს ჩვენ არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი გვქონდა, სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში, პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი იყო საქართველოში და სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები მუდმივად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შუა დერეფნის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.
„ეს პოლიტიკური დიალოგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი, ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, სწორედ იმ მოცემულობას, რაც არის ჩვენს გარშემო და იმ პოტენციალს, რაც აქვს დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით და ზოგადად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ჯამში ქმნის, სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას”- აღნიშნა მინისტრმა.
