The Telegraph: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ომის შემთხვევაში გამოსაძახებლად 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების რეზერვისტებს ომის შემთხვევაში შესაძლო გამოძახებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად დაახლოებით 100 000 ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წერილები გაეგზავნა. მათ სთავაზობენ, ნებაყოფლობით მიიღონ მონაწილეობა წვრთნებსა და სამხედრო სწავლებებში, მათ შორის, მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ ნატოს მასშტაბურ სწავლებაში Steadfast Defender-ში.
წერილები შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის რეზერვისტებს გაეგზავნათ და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების ხელმოწერით არის დამოწმებული. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ასევე სთხოვენ, განაახლონ საკონტაქტო ინფორმაცია და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდონ ცნობები ამჟამინდელი სამსახურისა და პროფესიული უნარების შესახებ.
როგორც The Telegraph-ი წერს, ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე გადაიდგა. გამოცემის ცნობით, ვლადიმირ პუტინი ნატოს სიმტკიცის გამოცდას ცდილობს. გასულ კვირას რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები და დრონი პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაუშვა - იმ ადგილთან ახლოს, სადაც იმ დღეს ბრიტანეთის ხელმძღვანელობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობდა. სწავლების მონაწილე სამხედროებს მანამდე თავდაცვის მინისტრი და სამეფო საჰაერო ძალების შტაბის უფროსი სტუმრობდნენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო საჰაერო ძალები ღამით თვითმფრინავების ანგარში გადაყვანას და ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე დრონებისგან მათი დაცვის მიზნით სპეციალური ბადეების მოწყობას გეგმავს.
თავდაცვის მინისტრმა უეს სთრითინგმა მანამდე განაცხადა, რომ ბრიტანეთი 1 000 დღეში ომისთვის მზად უნდა იყოს და მოკავშირეებთან ერთად „ბრძოლისა და გამარჯვებისთვის“ უნდა მოემზადოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მთავრობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას ცდილობს. ამასთან, ბრიტანეთი უფრო სერიოზულად განიხილავს ნატოს წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ეს მუხლი ალიანსის წევრებს ავალდებულებს, შეინარჩუნონ და განავითარონ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის არმიის მოქმედი შემადგენლობა ნაპოლეონის ომების შემდეგ ყველაზე მცირეა და 73 000 სამხედრო მოსამსახურეს უახლოვდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვეტერანებისთვის წერილების გაგზავნა „მზადყოფნისა და შეკავების გაძლიერების პრაქტიკული ნაბიჯია, რომელიც კონფლიქტის რისკის შემცირებას ემსახურება“.
წერილები ე.წ. სტრატეგიულ რეზერვისტებს გაეგზავნათ - ყოფილ სამხედროებს, რომლებმაც შეიარაღებული ძალები შედარებით ცოტა ხნის წინ დატოვეს და განსაკუთრებულ ვითარებაში გაწვევის ვალდებულება კვლავ აქვთ. ისინი განსხვავდებიან იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც სამხედრო რეზერვში ნებაყოფლობით, რეგულარული სამოქალაქო სტატუსით ირიცხებიან.
არმიის ერთ-ერთი წყაროს განმარტებით, წერილების მიზანი ყოფილი სამხედროების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის განახლებაა.
„ის, რომ ოდესღაც არმიაში ტანკის მძღოლი იყავით, არ ნიშნავს, რომ თქვენი დღევანდელი სამოქალაქო უნარები იგივეა. შესაძლოა, ახლა ისეთი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, რომელიც თავდაცვისთვის გაცილებით უფრო გამოსადეგია“, - განაცხადა წყარომ.
