Reuters: ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე იმსჯელებს - ინიციატივას ოთხი ქვეყანა ეწინააღმდეგება
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ. ინიციატივას ოთხი წევრი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და ბულგარეთი - ეწინააღმდეგება, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, გერმანია და ევროკავშირის რამდენიმე სხვა სახელმწიფო სესხში ყველა წევრის მონაწილეობას უფრო ფართო საბიუჯეტო შეთანხმების აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.
სესხის მიზანი 2027 წელს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაა. ევროკავშირი 45 მილიარდი ევროს სესხებას საკუთარი მოქმედი ბიუჯეტის საფუძველზე გეგმავს. თანხის დაბრუნება კი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც რუსეთი უკრაინას ომის შედეგად მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს, წერს Reuters-ი.
უკრაინა მომავალ წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგანაც მიიღებს დამატებით 25 მილიარდ ევროს. ამ დახმარების მთავარი დონორები დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია, შვეიცარია და კანადა იქნებიან. ევროკავშირის სესხთან ერთად, ჯამური 70 მილიარდი ევრო უკრაინის 2027 წლის დაფინანსების დეფიციტის შევსებას უნდა მოხმარდეს.
უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ამასთან, ისინი 2028-2034 წლების საერთო ბიუჯეტის პროექტზეც იმსჯელებენ, რომლის მოცულობაც 1,582 ტრილიონ ევროს შეადგენს. დიპლომატების მოლოდინით, წევრი ქვეყნები ხუთშაბათს საკუთარ პოზიციებს მკაფიოდ დააფიქსირებენ, რათა დეკემბერში შეთანხმების მიღწევას საფუძველი ჩაუყარონ.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს სურთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ უახლოეს კვირებში ბიუჯეტის ახალი წინადადება წარადგინოს, ხოლო საბოლოო შეთანხმებას 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე მიაღწიონ. შვიდწლიანი ბიუჯეტის დასამტკიცებლად ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.
კოშტას მიერ მიმდინარე კვირას წარდგენილი წინადადების თანახმად, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 1,582 ტრილიონი ევროა, საიდანაც 140 მილიარდი ევრო პანდემიის პერიოდში აღებული სესხების დასაფარად არის გათვალისწინებული. ყველაზე მსხვილი მიმართულება, დაახლოებით 740 მილიარდი ევრო ევროპელი ფერმერების მხარდაჭერასა და ევროკავშირის შედარებით ღარიბი რეგიონების განვითარებას მოხმარდება.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის დაფინანსების საკითხზე უთანხმოება ევროკავშირის წევრებს შორის უფრო ფართო დაპირისპირების ნაწილია. სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და ბულგარეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღები ქვეყნები არიან. მათ პოზიციას ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი - ქვეყნები, რომლებიც საერთო ბიუჯეტში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე უკან იღებენ.
წმინდა შემომტანი ქვეყნები ევროკავშირის ბიუჯეტის შემცირებას მოითხოვენ, რაც მათ ფინანსურ შენატანებსაც შეამცირებდა. მათი აზრით, ხარჯები ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს, რათა ევროკავშირმა აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენცია შეძლოს, და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და შედარებით ღარიბი რეგიონების სუბსიდირებას.
ბიუჯეტის მიმღები ქვეყნები კი მიიჩნევენ, რომ თანხები ორივე მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მათი აზრით, ეს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას შეინარჩუნებს იმ ფონზე, როდესაც ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიების პოპულარობა იზრდება.
