რაფაელ გლუკსმანი: უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომია
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, რაფაელ გლუკსმანმა ძიუდოისტ ტედი რინერის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომი „ჩვენს მომავალს წყვეტს“, ხოლო კიევისთვის დახმარების შეწყვეტის მომხრეები „საფრანგეთის სასიცოცხლო ინტერესებს“ ეწინააღმდეგებიან.
„უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომია, რადგან ის წყვეტს ჩვენს მომავალს და რადგან ჩვენ ვლადიმირ პუტინის სამიზნეები ვართ“, - განაცხადა გლუკსმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, კონფლიქტი მხოლოდ ტერიტორიულ დავას არ ეხება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ევროპის წინააღმდეგ იბრძვის.
„ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგობისთვის დახმარების შეწყვეტას ქადაგებს, ემხრობა მორჩილებას იმ ტირანის მიმართ, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების განადგურება სურს. შესაბამისად, ისინი საფრანგეთის სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. თუ ამას გავაკეთებთ, ვუღალატებთ საფრანგეთს და ვუღალატებთ ევროპას“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გლუკსმანის ეს კრიტიკა მოჰყვა საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართული ოლიმპიური ჩემპიონის, ტედი რინერის განცხადებას. რინერმა 25 ნოემბერს საფრანგეთის მერების კონგრესზე თქვა, რომ უკრაინის ომი „ჩვენი ომი არ არის“. მოგვიანებით მან სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ სურს შეწყდეს „იმ ფულის გაცემა, რომელიც არ გვაქვს“ რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ კიევის მხარდასაჭერად.
