ევროპარლამენტის განცხადება: ევროპარლამენტის წევრები გმობენ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ
ევროპარლამენტის წევრები გმობენ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სასამართლო შევიწროება.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რათა პასუხისმგებელმა პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები - მათ შორის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვა - იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.
