სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები ჩაატარეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ასევე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დადასტურდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის ლ. დ.-ს (მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების (კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე დადასტურდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
