გიორგი სოსიაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე: ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-ი დემოკრატიის სახელით მოქმედი და შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ძალა იყო - ახლა გამოაშკარავდა დოკუმენტალურად, თუ რას ახდენდა ეს ორგანიზაცია
ახლა გამოაშკარავდა დოკუმენტალურად, თუ რას ახდენდა ეს ორგანიზაცია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.
„ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-ი დემოკრატიის სახელით მოქმედი და შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ძალა იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ფერად რევოლუციებს ახდენდა, ხელს უწყობდა და აქეზებდა რადიკალურ გაერთიანებებს, აღრმავებდა პოლარიზაციას და ბევრ სახელმწიფოში სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლაზე იყო ორიენტირებული. ეს ყველაფერი შემდეგ დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ამერიკის პრეზიდენტმაც“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
