სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე გადაწყდა, რომ 2027 წელს ევროპის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში გაიმართება.
საქართველომ 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მიმდინარე წელს მოიპოვა.
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, საქართველოსა და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.
