საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები 30 ნოემბერს პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრას გამართავს
საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, პორტუგალიაში იმყოფება, სადაც 30 ნოემბერს მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი ლისაბონში, „ჟამურის“ ბაზაზე საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ჩვენმა გოგონებმა შარშან ნოემბერსა და წელს თებერვალში, რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ორი თამაში მოიგეს და გაისად ალაფაზე ითამაშებენ, პორტუგალია კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბინადარია და 15-ქალას ელიტურ რაგბთან ზიარების შესაძლებლობა ექნება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე მომავალ თამაშთან დაკავშირებით ამბობს:
“2027 წლის რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადება სექტემბრიდან დავიწყეთ, რა დროსაც პორტუგალიის ქალთა ნაკრები დაგვიკავშირდა და ამხანაგური თამაშის გამართვა შემოგვთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდით. მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს, პორტუგალიაში გამგზავრების შესაძლებლობა რომ მოგვცა. პორტუგალია ელიტ დივიზიონის გუნდია და ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მათთან თამაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯერ ალაფაზე არ გვითამაშია და უკვე ერთით მაღალი დივიზიონის გუნდს შევხვდებით”.
“პორტუგალიასთან თამაში ჩვენი შესაძლებლობების შესაფასებლად კარგი საჯილდაო ქვა იქნება. ვნახავთ სად ვართ და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანია. მთავარია ვნახოთ სად გვაქვს სუსტი წერტილები და შინ დაბრუნებულებს დაახლოებით ორი თვე გვექნება სამუშაოდ, რათა გერმანიასთან თამაშს უფრო მომზადებულები შევხვდეთ”.
“პორტუგალიაში რამდენიმე ახალი მოთამაშე მიგვყავს, რომელთაც თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. ნინო სუბელიანი, ნინო ოქრუაშვილი და ნინი კვარაცხელია სანაკრებო სიაში პირველად მოხვდნენ და პორტუგალიასთან დებიუტი ექნებათ. ასევე დებიუტანტია ილონა ბოკუჩავა, რომელიც რაგბზე გაზაფხულზე მოვიდა, ძალიან კარგი ათლეტია და პორტუგალიასთან პირველად ითამაშებს. ლიკა ბჟალავა და სალომე ჩხაიძე აქამდე მხოლოდ 7-ქალას თამაშობდნენ, ახლა კი დებიუტი 15-ქალაში ექნებათ. რაგბზე თავი ჰქონდა დანებებული და ახლა დაგვიბრუნა ნანი სირაძე, რომელსაც მანამდე 7-ქალა ნაკრებში უთამაშია”.
“მზადების პროცესში გვქონდა ორი თამაში ჭაბუკთა ბ ლიგის ვაჟთა გუნდებთან - ‘გარდასახვასთან’ და ‘რაშებთან’. მინდა ამ ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რადგან თამაშების დეფიციტს განვიცდით და ასეთ პირობებში ეს მატჩები ძალიან წაგვადგება. ასევე მადლობა მიშა სუჯაშვილს და ზურა ამონაშვილს, რომლებიც ჩვენი სამწვრთნელო ჯგუფის წევრები არ არიან, თუმცა ვარჯიშებზე თავისი ნებით მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ”.
პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, 15-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადებას განაგრძობს. ალაფაზე საქართველო 6 თებერვალს გერმანიას სტუმრად შეერკინება, 13 და 27 მარტს კი თბილისში შვედეთსა და ფინეთს უმასპინძლებს.
