ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლას დათანხმდეს, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია Al Jazeera English-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯებისთვის - გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ. ჩვენ ვსაუბრობთ შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაზე. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ გვესმის, რომ მას [პუტინს] არ სურს ჩვენი მიწიდან გასვლა. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, შევჩერდეთ ამაზე და დიპლომატიაზე გადავიდეთ“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის საპოვნელად.
