საფრანგეთში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს
საფრანგეთში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა. პარიზსა და სხვა ქალაქებში სტუდენტებსა და ყვითელჟილეტიანებს ქალთა უფლებების დამცველი ფემინისტებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობასა და ქვეყანაში ცხოვრების მაღალ ხარჯებს აპროტესტებდნენ და სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
აქციები არეულობასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა სტრასბურგსა და ლიონში. დემონსტრანტებმა ქუჩებში ლითონის ბარიკადები აღმართეს და ავტობუსის გაჩერების შუშები ჩაამსხვრიეს. პოლიციის მიმართულებით კი ფოიერვერკები ისროლეს. პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში შემდეგი დემონსტრაცია პირველ დეკემბერს არის დაგეგმილი. პროფკავშირები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ.
