ნანა კაკაბაძე: სწორედ ის დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ, რომ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა გააჩნიათ და შეიძლება, ხელისუფლების მიმართ ბევრს მრავალი პრეტენზიაც ჰქონდეს (ბევრი სამართლიანიც), მაგრამ მის ალტერნატივას იმ ძალებში კატეგორიულად ვერ ხედავს, ვინც ორთვიანი დაძაბული საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ხალხის მხოლოდ ამ რაოდენობის შეგროვება და მხოლოდ ნახევარსაათიანი მიტინგის ჩატარება შეძლო
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას პოსტით ეხმიანება. იგი წერს, რომ ერთად აღებულმა მთელმა ოპოზიციამ, ორი თვის საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ სულ რაღაც 7 ათასი მომხრის დარწმუნება შეძლო, რომ მათ პროტესტს რაიმე აზრი ჰქონდა.
„რა დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ
ამ აქციას გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაცები“ 2 თვეზე მეტ ხანს აორგანიზებდნენ. შარშანდელი 4 ოქტომბრიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ისინი თავის მომხრეებს ჰპირდებოდნენ, რომ მათი ბრძოლის გეგმა ჭკვიანურად იყო მოფიქრებული, რომ თანდათან უნდა აზვირთებულიყვნენ, ტალღები ცუნამად ექციათ და ისე მეთოდურად წაელეკათ ხელისუფლება, რომ არჩევნებამდე უკვე მოგებულები ყოფილიყვნენ, თორემ ასეთი გარანტიები თუ არ გვექნება, არჩევნებს ისევ ბოიკოტს გამოვუცხადებთო. ასე რომ, დაივიწყეთ ერთ დღეში („4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ!”) გამარჯვების ილუზია და თანდათან გავმრავლდეთ, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ მათზე მეტი მომხრე გვყავსო.
პარტიული ტელევიზიებიც სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ისეთი კუთხიდან გადაღებულ კადრებს აჩვენებდნენ, რომ მაყურებელი იფიქრებდა, გრანდიოზული საპროტესტო აქცია შედგაო. სინამდვილეში კი რა მივიღეთ: როდესაც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა სხვადასხვა ლოკაციიდან დაძრული საპროტესტო მასა, აღმოჩნდა, რომ მთელმა ოპოზიციამ, ერთად აღებულმა, ორი თვის საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ სულ რაღაც 7 ათასი მომხრის დარწმუნება შეძლო, რომ მათ პროტესტს რაიმე აზრი ჰქონდა. დავუშვათ, 10 ათასიც ყოფილიყო, რა გამოდის, მილიონნახევრიან ქალაქში 10 პარტიას საშუალოდ 1000-1000 მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც მათ დაძახილზე საპროტესტოდ გამოდიან?
ჩვენ არ ვეხებით „ნაცებსა“ და მის ანასხლეტებს შორის ამ დღეს სააკაშვილის თუ სხვა ბანერების გამო წარმოქმნილ დაპირისპირებას, რადგან ყველამ ეს წამოწია წინა პლანზე და მთავარი დარჩა ყურადღების მიღმა. მთავარი კი სრული კრახი იყო იმ კოლექტიური ოპო-პარტიებისა, რომლებმაც ამ აქციით აშკარად დაანახეს მთელ საქართველოს და მსოფლიოს, თუ რამდენი აქტიური მომხრე ჰყავს რეალურად მათ იდეოლოგიას, სტრატეგიას და ტაქტიკას. ვიღაცა იტყვის, მომხრე უფრო მეტი ჰყავთ, ყველა ხომ არ გამოვა აქციაზეო. კი, მართალია, თეორიული მომხრეები ალბათ ცოტა მეტი ეყოლებათ, მაგრამ ჩვენ აქტიურ მხარდამჭერებზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება მთელი ოპო-შანტრაბის თავის დამამშვიდებელ არგუმენტებს, ეს ერთ-ერთი ოპო-პოლიტიკოსის შემდეგ სიტყვებში გამოიხატა: „გუშინ კარგი დღე იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა და ეს მოხდა მიუხედავად ორწლიანი რეპრესიისა, დაშინებისა და ძალადობისა... დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა… მთავარი ისაა, რაც გვაერთიანებს ყველას - იმის მიუღებლობა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს და სწრაფვა სამართლიანი, ღირსეული, თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობისა და დაცულობის მქონე საქართველოსკენ”.
თქვე დალოცვილებო, ამით თავსაც იტყუებთ და სხვებსაც ატყუებთ, თორემ რომელ ორწლიან რეპრესიებზე ლაპარაკობთ, თქვენ არ ამტკიცებთ, რომ ქვეყანაში ორწლიანი უწყვეტი პროტესტია, ყოველ შაბათს საპროტესტო მსვლელობებს აწყობთ და როცა არც სახელმწიფო შენობებს ესხმით თავს, არც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ისვრით და არც პარლამენტის ფანჯრებს ამსხვრევთ, ვინმე ზედმეტ სიტყვას გკადრებთ? ვინმე გიშლით საპროტესტო აქციების ჩატარებას? აბა, რა შუაშია „ორწლიანი რეპრესია, დაშინება და ძალადობა?” კი ბატონო, გაიმართლეთ ამით თავი, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ხალხი სულელია და თვალებში ნაცარს ადვილად შეაყრით. რაც შეეხება იმის ხაზგასმას, რომ “დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა… მათ ამოძრავებთ იმის მიუღებლობა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და სწრაფვა სამართლიანი, ღირსეული, თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობისა და დაცულობის მქონე საქართველოსკენ”, თუ მილიონნახევრიანი ქალაქიდან მხოლოდ ის რაოდენობა ფიქრობს ხელისუფლების პოლიტიკაზე ასე, რაც მიტინგზე გამოვიდა და თუნდაც ათჯერ მეტი მათსავით მოფიქრალი სახლებში დარჩა, სწორედ ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უდიდეს უმცირესობას წარმოადგენენ.
ანუ, სწორედ ის დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა გააჩნიათ და შეიძლება ხელისუფლების მიმართ ბევრს მრავალი პრეტენზიაც ჰქონდეს (ბევრი სამართლიანიც), მაგრამ მის ალტერნატივას იმ ძალებში კატეგორიულად ვერ ხედავს, ვინც გუშინ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური დაძაბვით, ორთვიანი დაძაბული საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხალხის მხოლოდ ამ რაოდენობის შეგროვება და მხოლოდ ნახევარსაათიანი მიტინგის ჩატარება შეძლო.
ისე, ცალკე გასარჩევი საკითხია „ნაცებისა“ და მათ ანასხლეტებს შორის გუშინ გამწვავებული დაპირისპირება, რაც განსაკუთრებით რელიეფურად გამოჩნდა წითლიძე-ჩერგოლეიშვილის „შაირობაში”. ამაზე ორი სიტყვით შეიძლება, ითქვას შემდეგი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ორივე მხარის არგუმენტებს მეორის მიმართ, ნამდვილად გააჩნია საფუძველი, ანუ თავის არგუმენტებში ორივე მხარე მართალია“, - წერს ნანა კაკაბაძე.
