ლევან მეხუზლა: საქართველოში არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც უკვე მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას

ლევან მეხუზლა: საქართველოში არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც უკვე მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას

იმედი|imedinews.ge

ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია ვენახის ხარისხზე. ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის რეგულაცია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში.

„მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოებაა. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხსა და ჯიშების მრავალფეროვნებაზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.

„აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია ღვინის სექტორის გაძლიერებისკენ. 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტი, სადაც დეტალურად გაიწერება სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვაზის ნერგები უნდა იყოს მიკვლევადი, ნიადაგის და კლიმატის კრიტიკული მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს; სწორედ მათი შეუსაბამობა გახდება ვენახის გაშენების თანხმობაზე უარის მიზეზი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. საქართველოში უკვე არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია