
სემეკმა „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები ქ. თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).
იმედი
წყარო: imedinews.ge