
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა დაიწყო. კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების ადგილობრივ მწარმოებლებს და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების, კერძოდ: „ჯი-ემ-პი“-ს, „ავერსი-რაციონალის“, „ბიოფარმის“, „ბიოქიმფარმის“, „ჯმფ“-ის, „ბერლინ ჰემია“/„მენარინი დისთრიბიუშენ ჯორჯიას“ და „ნოვარტის ფარმა სერვისიზის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს. კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა რეგულირებადია და სექტორის მუშაობა მონიტორინგის ზედამხედველობით ხორციელდება. მისივე თქმით, 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ამოქმედდა და ამ ეტაპზე კომისიის მიზანია, შეაფასოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი, მედიკამენტების ფასების დინამიკა და როგორ მუშაობს რეფერენტული ფასების პროგრამა. სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც წარმოებიდან სააფთიაქო ქსელამდე მედიკამენტების ფასნამატის ოდენობებს, ნაშთების მართვას, რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე მედიკამენტების ფასებს, მწარმოებლებს შორის არსებულ კონკურენციას, ჯენერიკებსა და ორიგინალ მედიკამენტებს შორის ფასების განსხვავებებს შეეხებოდა. კომისიის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა შპს „ჯი-ემ- პი“-ს დირექტორს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რატომ იყო მედიკამენტების ფასები ბევრად მაღალი რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე. „რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყების შემდეგ, შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენი მარჟა ჩამოწიეთ და წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. შეეფერება თუ არა ეს ბიზნესის ეთიკას, როდესაც შეგიძლიათ, გქონდეთ ნორმალური მოგება. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდიდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. მინდა ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. რეფერენტულ ფასებამდე თქვენ გაცილებით დიდ მოგებას იღებდით და ოდნავადაც არ შექმნია არც ერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. კომისიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფარმაცევტულ ქსელებში ჯენერიკული და ორიგინალური მედიკამენტების ფასთა სხვაობა მინიმალურია და ის მიდგომა, რომ ჯენერიკები ორიგინალურ მედიკამენტებზე უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ქართულ ბაზარზე არ მოქმედებს. ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე, კომპანიების საქმიანობის მიმართულებებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ფარმაცევტული საწარმოების მუშაობას უკავშირდება. მათი განმარტებით, მედიკამენტების ფასებში ადგილობრივი მწარმოებლების ჩარევა მინიმალურია და ფასებს ფარმაცევტული ბაზარი და კონკურენტული გარემო განსაზღვრავს. სხდომაზე განხილული საკითხები სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა. „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ბაზარზე რეფერენტული ფასების მოდელი წარმატებით მუშაობს და ადგილობრივ მწარმოებლებს ის პრობლემებს არ უქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ რეფერენტული ფასების მოდელის გაფართოება შესაძლებელია ისე, რომ ამას ბაზარზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ წარმოებას ექსპორტის პოტენციალი აქვს. ჩვენ ამას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში „GMP“ სერტიფიცირების მექანიზმი კარგად მუშაობს და ეს მედიკამენტების ხარისხს იცავს. მისასალმებელია ისიც, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი ორ კომპონენტიანია, რომელიც მწარმოებლებისა და ქსელ-დისტრიბუტორებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ მესამე რგოლის სახით დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ არის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. დროებითი კომისია, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების შესწავლის მიზნით კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge