თამარ იოსელიანი: სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თამარ იოსელიანი: სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში, რასაც ადასტურებს როგორც გასული, ასევე მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საკონტეინერო გადაზიდვებში, სადაც ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთები 20%-ით, ხოლო საბორნე - 31%-ით გაიზარდა.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188 149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).

„აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაც (+3%). ეს მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლზე საუბრისას თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს განვითარების ფაზაში მყოფ ახალ, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას, Panamax და Post-Panamax ტიპის გემები მიიღოს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი.

„ხაზგასასმელია, რომ ერთდროულად მიმდინარეობს პორტების გაფართოება, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და საგზაო მაგისტრალების გაუმჯობესება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას - საქართველოს ნავსადგურებში უკვე წარმატებით მუშაობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რაც ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია