
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური ფორუმი თემაზე - ,,გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ გაიმართა.
ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვე გლობალური არასტაბილურობის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეროვნული ინტერესების დაცვა.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, რაც დღეს მრავალი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და წარმოადგენს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - ეროვნული ინტერესების მსახურებას. ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში სოციალურ პასუხისმგებლობაში გამოიხატება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობაზე და საქართველოს პოტენციალზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ დერეფანზე.
„გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიძლება გაუჩნდეს ახალი შესაძლებლობები, როგორც ერთ-ერთ სტაბილურ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ამ ტენდენციას ბიზნესმაც უნდა აუწყოს ფეხი, რათა ქვეყნის, როგორც დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
შოთა ბერეკაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გლობალური ცვლილებების ფონზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ მიმართულებებზე, შუა დერეფნის როლსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„როგორც ბიზნესი, ისე პარლამენტი და ხელისუფლება თანხმდება, რომ მშვიდობას განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოსა და რეგიონში. მშვიდობა ქმნის დამატებით ღირებულებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში და შედეგად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
იმედი
წყარო: imedinews.ge